15 წლის ბიჭის მიმართ განხორციელებული უმძიმესი ძალადობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. მომხდარზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა და ცნობილია, რომ 9 პირია დაკავებული, მათი უმრავლესობა არასრულწლოვნები არიან.პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად,
მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში, დაზარალებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ამ დრომდე მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია დაზარალებული 15 წლის მოზარდი. მისი ადვოკატი მაკა ბერაძე, ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგი და ასევე გრძელდება მკურნალობა, რადგან მოზარდს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აღენიშნება.
მისი თქმით, ოჯახს არ სურს დეტალებზე საუბარი ჟურნალისტებთან, ამიტომ თავად ადვოკატიც სასტიკი მოპყრობის დეტალებზე ვერ საუბრობს. მაკა ბერაძის თქმით, მოზარდი თანატოლმა გოგონამ მოტყუებით მიიყვანა თბილისში, მეტროსადგურ “სამას არაგველთან ახლოს მიტოვებულ შენობაში, სადაც მას არასრულწლოვანთა ჯგუფი სასტიკად გაუსწორდა.
დაზარალებული მოზარდის ადვოკატი მაკა ბერაძე:
– პირველ რიგში გეტყვით, რომ დაზარალებული ბიჭის ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგია ნებისმიერ რეპორტაჟზე და ამიტომ მოკლე ინფორმაციით შემოვიფარგლები. ბავშვის ფოტოები თავად დამნაშავეებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში. ბავშვს ემუქრებოდნენ რომ მისი წამების ამსახველ კადრებს გაავრცელებდნენ და გაავრცელეს კიდეც. მეც ვნახე ეს ფოტოები. შემდეგ უკვე იმდენ ადგილას, ათასნაირ ჯგუფში იყო გავრცელებული. მომხდარზე გეტყვით იმას, რომ ეს იყო სოციალურ ქსელში წამოწყებული საუბრის გამო. ბავშვმა დაწერა თავისი აზრი და ამის შემდეგ მოტყუებით მიიყვანეს იმ საშინელ ადგილას, სადაც ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა. ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, იყო კლინიკაში, მაგრამ შემდეგ ექიმთან შეთანხმებით ბავშვი სახლში გადაიყვანეს და იქ გრძელდება მისი მკურნალობა და ასევე მუშაობს ფსიქოლოგი.
რადგან უდიდესი სტრესი მიიღო ფიზიკურ დაზიანებასთან ერთად. მძიმეა მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა და ველოდებით რომ სასამართლო მოძალადეების მიმართ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაზარალებული ბავშვი ძალიან კარგ გარემოში იზრდება, ოჯახი არის ძალიან განათლებული, ბავშვი იზრდება სითბოსა და სიყვარულში, მართლა ყურადღებიანი მშობლები არიან და სწორედ მას შემდეგ, რაც დაზიანებებით ბავშვი მივიდა სახლში, თავად ოჯახიდან განხორციელდა სატელეფონო ზარი 112-ში და დაიწყო საქმის გამოძიება.
– იქნებ გვითხრათ, რა დაზიანებები ჰქონდა მოზარდს?
– ამ დეტალებზე საუბარიც მძიმეა. ეს დაჯგუფება არის ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი დაჯგუფება. ეს ადამიანები ბავშვს პირადად არ იცნობენ. მხოლოდ სოციალურ ქსელში დაეკონტაქტნენ ერთმანეთს. დაკავებულებს შორის არის არასრულწლოვანი გოგო. რომელიც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრია, ერთ ერთი ძირითადი მონაწილეა, ამ გოგომ მოტყუებით მიიყვანა მოზარდი იმ საშინელ ადგილას და შემდეგ მოხდა მასზე ძალადობა. ბავშვს დანით აქვს დასერილი მთლიანი სხეული, ძალიან სცემეს და ძირითადად ტრავმა მიყენებული ჰქონდა თავში და სახის არეში. ჰქონდა მძიმე დაზიანებები დანით, რაც საჯაროა.
შიშველ მდგომარეობაში დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობით გაუსწორდნენ მას. ძირითადი აზრი არის ჩადებული ვიღაცის მორჩილება, რომ რაღაცნაირად მორჩილება ყოფილიყო. სამომავლოდ რას განახორციელებდნენ ამ ბავშვის მიმართ არავინ იცის. მას ასე ძალადობით და მუქარით, ამ ზემოქმედების საფუძველზე სთხოვდნენ პატიებას ამ საშინელი დაჯგუფების ლიდერზე.
დაკავებულია ამ დაჯგუფების ლიდერი, 30 წლის დაკავებულზეა საუბარი, ე.წ. ხელმძღვანელი. 9 დაკავებულიდან 7 არასრულწლოვანია. მას შემდეგ რაც ასე საშინლად მოექცნენ მოზარდს, აწამეს, წამების შემდეგ პარადოქსია, მაგრამ მერე დაბანეს, გაწმინდეს სისხლისგან ბავშვი და უთხრეს რომ არ განეცხადებინა პოლიციაში.
დანაშაული მოხდა მეტროსადგურ “სამასი არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ არის რაღაც ჯურღმული, შავი ხვრელი, სადაც საშინელი კადრები შეიძლება ნახოთ. ბავშვი სულ სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ როგორც გითხარით, იქამდე მოტყუებით მიიყვანეს. ეს არის ფაშისტური დაჯგუფება, თავიანთი თემატიკა და მოსაზრებები აქვს. როგორც ჩანს და იმედი მაქვს დადგინდება, რომ ასე ზრდიან სივრცეს, რაოდენობას, მათზე დამორჩილებული მოზარდების. ბავშვს ასე გაუსწორდნენ იმის გამო, რომ რაღაც თემაზე თავისი აზრი გამოთქვა.
მოძალადეები ძალადობის დროს დანასაც იყენებდნენ და პისტოლეტსაც. მიყენებული დაზიანებებით ბავშვი კლინიკაში მოთავსდა და გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. კლინიკაც კი ბავშვისთვის დიდი სტრესი და ამიტომ ექიმის თანხმობით გადაიყვანეს სახლში, სადაც დღესაც მკურნალობს. მოცემულობა უმძიმესია, კადრები თვითონ გაავრცელეს და ჩანს ყველაფერი. ეს საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე. საჯაროდ უნდა გავაცხადოთ რომ სამომავლოდ ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები.
როდესაც ასეთ ქმედებას ახორციელებენ მოზარდები, ეს უკვე საგანგაშოა, ისიც გასარკვევია ვინმეს შიშით ხომ არ მოქმედებდნენ. ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია. დიდია ალბათობაც, რომ ესენი პირველად არ აკეთებდნენ ამას. პირველი ქმედების დროს ასე სადისტურად არ მოიქცევა ადამიანი. ამიტომ ვფიქრობ, ეს არ არის მათი პირველი დაზარალებულიც.
როგორც ვიცით, ბრალდებულებიდან რამდენიმე ნასამართლევია. 13- 15 წლის ბავშვები ამ სისასტიკეს რომ ჩადიან, ამაზე უნდა ვიყვიროთ. 26 წელია ადვოკატი ვარ და ბევრი საქმე მინახავს, მაგრამ ასეთი მძიმე და საშიში ფაქტები არ ვიცი. ყველა დაკავებული ძალადობდა, მათ შორის გოგოც, ყველაფერს ვერ გეტყვით ახლა. ჩემთვის ეს ფაქტი არის შემზარავი, რომელზეც უნდა ვიყვიროთ და გავაკეთოთ ძალიან სწრაფი რეაგირება. არსებობს უმძიმესი კადრები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კადრები საქმეზე მტკიცებულებებად იქნება დართული. აქვე გეტყვით, რომ ბიჭი მოძალადეებს პირადად არ იცნობს და მათი გადაკვეთის ერთადერთი წერტილი იყო სოციალური ქსელი.
როგორც ცნობილია, პროკურატურამ დაკავებულ 9-კაციან ჯგუფის ყველა წევრისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამ ჯგუფის ლიდერი 30 წლისაა. ბრალდებულებს შორისაა კიდევ ერთი სრულწლოვანი – 18 წლის ახალგაზრდა. დანარჩენი შვიდი დაკავებული 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან, მათ რიცხვშია 15 წლის გოგო, რომელმაც ბიჭი მოიტყუებით მიიყვანა იქ და თავადაც იძალადა. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. როგორც ირკვევა, ბრალდებულების სახლების ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონებთან ერთად ნახეს “ნაცისტური სიმბოლიკის” ნივთები, დასაკეცი დანები, კასტეტები, პნევმატიკური იარაღები“.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით დაკავებულების ადვოკატებს, მაგრამ ისინი დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ.
წყარო:geonewest.com